პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი შალვა ოგბაიძე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება და მას კითხვებით მიმართავს.
„ ამ წუთებშიც კი, სხვა უკანონო პატიმრებთან ერთად ციხიდან გათავისუფლებას და რეაბილიტაციას ელოდება ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს'' 42 წევრი, რომლებიც შარშან 26 მაისს (უმეტესი ნაწილი კი 26 მაისამდე) დააპატიმრეს სწორედ პოლიტიკური აქტივობის გამო; ჩემი შვილები სასტიკად აწამეს დაპატიმრების შემდეგ; მე და ბევრ ჩემს თანამოქალაქეს გაუყიდეს სახლ-კარი და საწარმოები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავით ოპოზიციური პარტიის წევრები. ჩემი ოჯახის წევრის ბინაში, რომელიც იძულებით აუქციონზე ,,ვითომ’’ გაყიდეს-დღეს პოლიციელი ცხოვრობს; მე და ბევრი ჩემი თანამოქალაქე ხელისუფლების ძალით ჩამოაცილეს საყვარელ საქმიანობას. ხშირად ამ ამაზრზენ პროცესში პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის წევრის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ; 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის და 2012 წლის 26 მაისის მიტინგების დაშლის დროს ხელისუფლებამ აშკარად გამოიყენა არაპროპორციული ძალა და აკრძალული შეიარაღება.  რატომ არცერთი ამ შემთხვევის გამო არ გამოხატეთ შეშფოთება“ - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოგბაიძის თქმით, „ეს არასრული ჩამონათვალია  სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონობებისა, რომელზეც რასმუსენს შეკითხვები არ გასჩენია და არცერთხელ აღშფოთება არ გამოუთქვამს. ეს მიძლიერებს ეჭვს, რომ რასმუსენი ნებსით თუ უნებლიედ  ,,მხარედ’’ იქცა. მხარედ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიული ოპოზიციური ძალის საერთაშორისო იმიჯს უქმნის“ - აცხადებს ოგბაიზე და ნატოს ხელმძღვანელობას მოუწოდებს არ შეუქმნას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სააკაშვილის რეჟიმის დამცველის იმიჯი.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












