საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ მიიჩნევს თავს ხელისუფალად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როცა მან არჩევნები წააგო.
ეს განცხადება პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, როცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა.
„კაცმა არჩევნები წააგო და ხელისუფლებას როგორ ინარჩუნებს ესაა საინტერესო. ხალხმა ჩვენ ხმა მოგვცა, ხელისუფლება გადმოგვაბარა, ხოლო რატომ მიიჩნევს თავს ხელისუფლებად, ეს კითხვა თავად მას რომ დაუსვათ უმჯობესია. საერთოდ კი, რატომ, სად და რისთვის დადის ეს კაცი, ან ვის სჭირდება ის - არ ვიცი. დადის უცხოეთში და ცდილობს დააბნიოს ევროპელები, დააბნიოს ამერიკელები, მაგრამ მის მცდელობებს ნაკლები ეფექტი აქვს და მომავალში კიდევ უფრო დაკნინდება მისი მცდელობები. ჩვენ მოვახერხებთ და სიმართლეს მივიტანთ იმ ადამიანებამდე, ვისაც ესენი ამდენი ხნის განმავლობაში სიცრუეში ამყოფებდნენ და კიდევ ცდილობენ მსგავსი ქმედებების გაგრძელებას. ჩვენ მოვახერხებთ და სიმართლეს მივიტანთ ევროპამდეც და ამერიკამდეც“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს იმ ძველი მანქანის ამუშავებას, რომელიც საქართველოში უკვე გაუჩერდა და მის ამოქმედებას ახლა დასავლეთში გეგმავს.

















