საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, რასმუსენის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,
რომ როცა ის შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, დაარწმუნებს მას, რომ საქართველოში ახალი მთავრობა პარტიული ნიშნით და შერჩევითი სამართლით ქმედებას არ აპირებს.
„უფრო მეტიც, მე შევთავაზებ მას, რომ ჩვენ ერთად გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. სავსებით შესაძლებელია რაიმე სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებით ნატომაც შექმნას და ყურადღება მიაქციოს იმას თუ რა ხდება დღეს ქართულ ჯარში და რის წარმოჩენას ცდილობს ყოფილი ხელისუფლება. თუ ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ და გავარკვევთ რა ხდება და რა ხდებოდა ქართულ ჯარში, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან სატელევიზიო ჩართვისას.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
„მე მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იცის და ცდილობენ რომ ზედმეტად არ უნდა ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის საქმეებში, მაგრამ აცნობიერებენ თუ რა განცხადებები უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა აღმაშფოთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში იძულებულნი ვართ გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს პროკურატურამ. რა თქმა უნდა ეს ქვეყნის სირცხვილია, ისევე როგორც სირცხვილია ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება. ეს აღაშფოთებს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას და რა თქმა უნდა განიცდიან ევროპელებიც“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, გუშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

















