საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ქვეყნის პრეზიდენტს ეთანხმება, როცა სააკაშვილი ამბობს რომ საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება სამართლიანობა.
„მე ვეთანხმები მას, რომ რა თქმა უნდა დღეს საქართველოს სჭირდება სამართლიანობა და კანონის დაცვა და ეს განხორციელდება კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც სააკაშვილი ღაღადებს და როგორც თვითონ მიაჩნია აუცილებლად. ისე როგორც არასდროს, დღეს საქართველოში მოხდება სამართლიანობის აღდგენა და კანონების დაცვა და ეს მოხდება ძალიან მალე“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ბრიუსელიდან სატელევიზიო ჩართვისას.
მისივე თქმით, ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნება და არცერთ შემთხვევაში შერჩევითი სამართლიანობა არ განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ „დასავლეთში ყველა ყველაფერს ძალიან კარგად აცნობიერებს“.

















