პარტია „საქართველოს გზის“, მთავარი კომიტეტის წევრი  თეიმურაზ მურვანიძე აცხადებს, რომ ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვა
 ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერების მიერაა პროვოცირებული. 
ამის სესახებ მურვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამ გაფიცვაში მონაწილეობს, იქ  მხოლოდ და მხოლოდ მათი მეგობრების და თანამშრომლების მიმართ სოლიდარობის გრძნობის გამო დგას.
„ეს ადამიანები ძალიან რთულ ვითარებაში არიან, ბევრ მათგანს აქვს ბანკის კრედიტები დასაფარი, ამ გაფიცვის გამო ისინი, ვინც გამომუშავებაზეა, ვერ იღებენ თუნდაც იმ მიზერულ ხელფასს, რაც აქამდე ჰქონდათ. ყოველივე ამას არ ითვალისწინებენ ნაცმოძრაობის ის მხარდამჭერები, რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ ამ პროცესებს და პორტის თანამშრომლების სოლიდარობის გრძნობას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ამის ნათელი დადასტურებაა ფოთში პოლიციის უმოქმედობაც, რომლებიც ძალიან პასიურად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. პირდაპირ ვიტყვი - ესაა საბოტაჟი, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი მთავრობის წინააღმდეგ და ამგვარი ქმედებებით ნაცმოძრაობა ცდილობს არეულობის ფონის შექმნას არამარტო ფოთის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით” - აცხადებს მურვანიძე.
მანვე მოუწოდა გაფიცულებს, რომ დაუბრუნდნენ  სამუშაო ადგილებს და ნაციონალების გეგმებს  ნუ აყვებიან. 
„ყველა ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნება გამოძიებული და ყველა საბოტაჟში ეჭვმიტანილი პირი წარსდგება სასამართლოს წინაშე! 
ფოთელებმა იციან, რომ მე ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ფოთთან, იციან რომ ეს ქალაქი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პარტიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი, ამიტომ მინდა ჩემს ფოთელებს ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები დღეიდან ჩავერთვებით ამ საქმეში და ვეცდებით დავარწმუნოთ ფოთელები რომ შეწყვიტონ ეს გაფიცვა.მათ  ბევრ გასაჭირს გაუძლეს, და დარწმუნებული ვარ, რომ ფოთი მალე აისრულებს საკუთარ ოცნებას.  ფოთი იქნება განვითარებული და მდიდარი ქალაქი ძალიან მოკლე დროში“ - აცხადებს  მურვანიძე.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












