მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის 39-ე სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო კომისია ახალი შემდგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე იმსჯელეს. განხილული იქნა ასევე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომების დაგეგმვის საკითხებიც.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელებაში ჩართული ყველა უწყების პირველი პირი. კომისიის წევრია ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.

















