„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებისგან 7 ნოემბრის მოვლენების სრულფასოვან გამოძიებას მოელის
14:04 07.11.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ახალი ხელისუფლებისგან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების სრულფასოვან გამოძიებას მოელის.
როგორც პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ხელისუფლების პირობებში საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ მოხდება აღნიშნული მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება და უკლებლივ ყველა დამნაშავე - როგორც უკანონო ბრძანების გამცემი, ასევე ამ ბრძანების შემსრულებელი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „თავისუფალი საქართველოსთვის“, როგორც პოლიტიკური გუნდისთვის, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ყველა ის რეპრესია, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე და რაც განსაკუთრებით გამძაფრდა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ყოვლად მიუღებელია დამნაშავეთათვის რაიმე მოსაზრებებით სამართლებრივი ამნისტიის გამოცხადება“-აცხადებს ომანაძე.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების პარალელურად, უნდა დაიწყოს გამოძიება 2009 წლის აპრილის გამოსვლებისას მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებზე, 2011 წლის 26 მაისის სისხლიან დარბევაზე და ყველა სხვა ფაქტზე, რომლებშიც ასევე იკვეთება ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უმძიმესი დანაშაულები.
„ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ 7 ნოემბრის მოვლენების ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდება პირადად მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
2007 წლის 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმმა და პოლიციამ დაარბია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული მანიფესტაცია. დარბევის შედეგად ასობით მომიტინგე დაშავდა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებიც.
ამავე დღეს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედშში“ და ძალის გამოყენებით შეაჩერა ტელევიზიის მაუწყებლობა. დარბევის შემდეგ, სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.