„დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალებისგან დრო უნდა მიეცეს, რათა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის ძალების მობილიზება მოახდინოს.
ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აქედან გამომდინარე, „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდეს.
„ამასთან, ვიტოვებთ უფლებას აუცილებლობის შემთხვევაში დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყნისთვის პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ კონსტრუქციულ წინადადებებს ახალი ხელისუფლება განიხილავს და გაიზიარებს“-აღნიშნულია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის პროგრამა სრულად შეესაბამება ხალხის მოთხოვნასა და მოლოდინს და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან მშვიდობიანად გამოყვანის საშუალებას იძლევა.
პარტია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამა მნიშვნელოვანწილად ემთხვევა „დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამასა და ხედვას. აქედან გამომდინარე კი, მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიაჩნია.
„დარწმუნებულნი ვართ, ახალ ხელისუფლებას ჩვენის მხრიდან არ დასჭირდება იმის შეხსენება, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნილების სამშობლოში დაბრუნება. ამასთან მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებათა რევიზია, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ“-აღნიშნულია განცხადებაში.

















