საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის მოადგილედ ძველი შემადგენლობიდან თანამდებობას ნიკოლოზ ვაშაკიძე შეინარჩუნებს - ამის შესახებ ახლადდანიშნულმა მინისტრმა
მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს სამინისტროში თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილე იყო, გამოცდილი დიპლომატია და მისი გამოცდილება უწყებისთვის საჭიროა. ამიტომ, მან ვაშაკიძეს დარჩენა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
რაც შეეხება ახალ მოადგილეებს, პირველი მოადგილის პოსტს დავით ზალკანიანი დაიკავებს, რომელიც 18 წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო პოლიტიკურ უწყებაში. ასევე, მინისტრის მოადგილედ დაინიშნება გოგა ხელაია, რომელიც ფანჯიკიძის შეფასებით, გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტია.
მინისტრის თქმით, რაც შეეხება დანარჩენი ორი მოადგილის დანიშვნას, ამაზე მას ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
ამასთან, ფანჯიკიძე ყველა საჯარო მოხელეს და დიპლომატიურ კორპუსს კომფორტულ სამუშაო პირობებს შეპირდა.

















