ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ უწყებაში მმართველობის გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად წარიმართა.
„ყველა ვინც მიდის და რჩება ამ სამინისტროში ერთად მუშაობდა. ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ისევეა საჭირო, როგორც ადრე“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ახალი მინისტრის მაია ფანჯიკიძის სამინისტროს თანამშრომლებისთვის წარდგენის შემდეგ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახალ მინისტრთან კოლეგიალურ დონეზე განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია.
ვაშაძე მოხარულია, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იგივე რჩება და ეს არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებთან მრავალვექტორული ურთიერთობები.
„რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ევროპა და აშშ საქართველოსთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა რეგიონში გვყავს საიმედო პარტნიორები და საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში“ - განაცხადა ვაშაძემ.
მან წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელობას და კოლეგებს ოთხწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვითხრა საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს იმისთვის, რომ ოთხი წელიწადი არ მომასვენეს. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, რადგან არცერთი თქვენგანი არ არის ნინო ანანიაშვილი და ელენე ვაშაძე, ჩემს სამომავლო გეგმებს თქვენთან არ განვიხილავ“-განუცხადა მან ჟურნალისტებს.

















