ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ მოკვლევის დასაწყებად მისი ძმის, დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადება
საკმარისი საფუძველია. ამის შესახებ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
„მოკვლევის საფუძველი შეიძლება გახდეს არამხოლოდ ოჯახის წევრის განცხადება, არამედ თუნდაც ჩემი განცხადება, თუკი, რაღაც ვერსიას გეტყვით და თქვენ მას გამოაქვეყნებთ. მსგავს შემთხვევაში, გამოძიება ვალდებულია ჩემი ვერსიით დაინტერესდეს“ - განმარტა ხმალაძემ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა.

















