საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი შემადგენლობით  დღეიდან მუშაობას თბილისში შეუდგება. 
მინისტრების ნაწილი მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში მისვლას დღესვე გეგმავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ სამინისტროში ორშაბათს მივა. 
საქართველოს ახალი მთავრობა ახალმა პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ გუშინ დაამტკიცა. 
თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია დამტკიცდა, ენერგეტიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად - კახა კალაძე, შს მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრად - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრად - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად - მაია ფანჯიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - დავით სერგიენკო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაატა ზაქარეიშვილი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გახდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე, ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, გარემოს დაცვის მინსიტრი - ხათუნა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით ნარმანია დაინიშნა.
პარლამენტისადმი ნდობის გამოცხადებისთანავე მთავრობის პირველი სხდომა გუშინ ქუთაისში გაიმართა. 
„მძიმე ტვირთი გვაწევს, ბევრი დაპირება გავეცით, მაგრამ ვარწმუნებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე დავპირდით. მთელი გუნდი მომართულია, რათა ქვეყანაში ჭეშმარიტი ეკონომიკური აღორძინება დაიწყოს“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დამტკიცების შემდეგ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












