საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციის გუშინდელი და დღევანდელი ქცევა მასში იმდეგაცრუებას იწვევს.
როგორც მან მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საპარლამენტო ოპოზიციისგან უფრო მეტს ელოდა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა კონტრუქციულობას ვერ ახერხებს.
„ვაკვირდებოდი მათ ქცევებს, ფიზიკურ მიმიკებსაც კი. ძალიან საწყენია, რომ დღეს ოპოზიციაში ცოტა პერსპექტივა და ცოტა ხალხია, ვინც მოახერხებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის კონსტრუქციულად იმუშაოს. ისინი ჩარჩენილი არიან იმ იდეოლოგიაში და ჰგონიათ, რომ ისევ სიცრუით და მოჩვენებით გავლენ ფონს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში მაქსიმალური დეცენტრალიზაცია მოხდება.
„რეგიონებმა იმ დონის მმართველობა უნდა განახორციელონ, რამდენსაც შეძლებენ და არა უფრო ნაკლები. რეგიონული თვითმმართველობის დამკვიდრებით სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი ქვეყნის არჩევა და კონტროლი უნდა ისწავლოს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამის პირველი ნაბიჯები იქნება.

















