საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ თავის გამოსვლაში დღეს უმცირესობის ერთ-ერთი წევრის გიორგი ბარამიძის კრიტიკას
უპასუხა და განაცხადა, რომ მას უნდა სცხვენოდეს, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საქმის უკეთესად კეთებისკენ მოუწოდებს.
ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კალენდარი წარადგინა და ივანიშვილს ურჩია საკუთარი პროგრამა ამაზე უკეთესად თუ არა, მსგავსი კალენდარის სახით მაინც გაეწერა.
„მე ვნახე ის კატალოგი, რომელიც თქვენ წინასაარჩევნოდ გამოეცით და ამ კატალოგში შეტანილი პროექტების 90% ბიძინა ივანიშვილის აშენებულია“ - განაცხადა საგანელიძემ.
მისი თქმით, ივანიშვილი წლების განმავლობაში ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ საზოგადოებამ ეს არ იცოდა.
„როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა პირველად ვნახეთ ის ჩამონათვალი, რაც მას აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვთქვით, რად უნდა ამ კაცს წინასაარჩევნო კამპანია. გია ბარამიძეს ვეკითხები, არ უნდა გრცხვენოდეს, როდესაც დღეს ივანიშვილს ეუბნები, ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ და თქვენ რის გაკეთებას აპირებთო“ - აღნიშნა საგანელიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას საქმე გაკეთებული კი არ აქვს, ფურცელზე აქვს დახატული.

















