საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წელიწადნახევრის შემდეგ, მისი შეფასებით, „ყველაზე რთულ ადგილას“ გადასვლას აპირებს.
როგორც მან დღეს მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებაში ძალიან საინტერესო გუნდთან ერთად მივიდა და უმრავლესობაც საინტერესოდ დაკომპლექტდა.
მისი თქმით, ახლა მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების ეტაპი იწყება.
„ჩემს მიტინგებზე მოსახლეობას ვეუბნებოდი, რომ დაპირებებს შევუსრულებდი. ძალიან დიდი ტვირთი გვაწევს. ბევრი დაპირება გავეცი, მაგრამ მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ. მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტი ეკონომიკური აღორძინება დაიწყოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პირველ რიგში სამართლიანობის განცდა აღდგება და უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგება.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. წელიწადნახევარში მივიდვარ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვიტოვებ იმ გუნდზე, რომელსაც დავტოვებ. ამ დროის განმავლობაში მოვახერხებთ და ისეთ საკანონმდებლო ბაზას შევქმნით, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ის ქმედითუნარიან და სახალხო მთავრობას დატოვებს.
„წელიწადნახევრის შემდეგ უფრო რთულ პოზიციაზე მივდივარ. ყველაზე რთულ ადგილას გადასვლას ვაპირებ და მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლომდე აქტიური ცხოვრების ნაწილი მთლიანად ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოვახმარო. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მისი პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი იქნება.

















