უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა პარლამენტში თავისი გამოსვლა საქართველოს
საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრით დაიწყო.
მან 1 ოქტომებრი თავისი მნიშვნელობით ისეთი მოვლენების რიგში მოიხსენია, როგორიცაა ქვეყნის დაფუძნებისა და კონსტიტუციის მიღების თარიღები.
მისივე თქმით, მემკვიდრეობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საქართველოს უტოვებს, არის ჰიბრიდული დემოკრატია და ნახევრად თავისუფალი მედია.
ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტი საქართველოს უკან ტოვებს, სწორედ ამიტომ ვერ მიუახლოვდა ქვეყანა ვერც ბალტიისპირეთის და ვერც შავი ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს.
მისი თქმით, ამ ქვეყნების უმრავლესობა უკვე ნატო-ს და ევროკავშირის წევრია.
„ჩვენ მათ ჩამოვრჩით და სააკაშვილიც ჩარჩა პოსტ-საბჭოთა პერიოდში. ივანიშვილის გზა ევროპული გზაა. ესაა საქართველოს დაბრუნების გზა მის ბუნებრივ წიაღში - ევროპაში“-აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, შევარდნაძე-სააკაშვილის გზა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩარჩენის გზა იყო, სადაც დომინანატი მოსკოვია. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, ეს გზა მოსკოვთან „ფლირტის და ბუზღუნის მონაცვლეობა“ იყო.
„სააკაშვილმა ჩახედა პუტინს თვალებში და დითირამბები უმღერა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. გადაიკითხეთ თქვენი ლიდერის ციტატები 2004 წლის გაზაფხულზე, მლიქვნელობით შევარდნაძის ცნობილ ციტატას რომ ეჯიბრება“-მიმართა ბერძენიშვილმა უმცირესობას.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უპრინციპო და არაკორექტული იყო, „ქართული ოცნება“ კი - პირიქით მოიქცევა.
ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ახალ მმართველ ძალას, ძველისგან განსხვავებით, რუსეთთან მიმართებაში კომპლექსები არ აწუხებს, რადგან მისი წარსული ქვეყნის „დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ „შეთრევით“ არ არის დამძიმებული.
„ამ დარბაზში სხედხართ ადამიანები, ვისაც „ესენგესთვის“ მიგიციათ ხმა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ რუსის ჯარის საქართველოში ყოფნის მანდატი გაგიგრძელებიათ, ასევე, საქართველოს „ესენგედან“ გამოსვლის წინადადების წინააღმდეგ მიგიციათ ხმა. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“-აღნიშნა მან.
ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან „ზურგით იდგა“ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიტაცებას სწორედ მისმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა შეუწყო ხელი.
მისი თქმით, ეს რეგიონები 2008 წლის აგვისტომდეც ფაქტობრივად ოკუპირებული იყო, თუმცა, მაშინდელი ხელისუფლება აღნიშნული ვითარებისთვის შესაბამისი სახელის დარქმევის წინააღმდეგ გამოვიდა.
ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტომდე, 15 წლის განმავლობაში იდგენენ, თუმცა, ომი ვერ დაიწყეს, რადგან ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.
„ომი, რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო, სახმელეთო-საჰაერო საზღვარი რუსეთმა გადმოლახა. არავის ჩვენი კოალიციიდან, მათ შორის, არც ივანიშვილს, ერთხელაც არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თქვენ ეს ყველამ იცით და აგრძელებთ იმ ტყუილებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გეგონათ გამოგადგებოდათ. არ გამოგივიდათ“-აღნიშნა მან.

















