საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უმრავლესობასა და ოპოზიციას საქმიანი ოპონირების რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს.
როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს საკუთარი მოვალეობები და კონსტრუქციული საუბრით საზოგადოებას პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს.
„მესმის ის სულისკვეთება და კამათი, რომელიც დღეს არის, მაგრამ, ვფიქრობ, არჩევნებმა ყველაფერზე დასვა წერტილი. ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლებიდან გადავედით ოპოზიციაში და დღეს „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მან უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებასა და მთავრობაშია, ხოლო მთავრობის პროგრამის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ინტერესი და კრიტიკა ყოველთვის იქნება.
„ხალხი ელოდება თქვენგან კონკრეტულ საქმეებს. თქვენი საარჩევო სლოგანი იყო „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“. პოლიტიკურ ნაწილში ეს აიხდინეთ და მოხვედით ხელისუფლებაში, მაგრამ ხალხი ელოდება, რომ ეს მათ ნაწილშიც შესრულდება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენ დავაყენებთ საკითხს თუ რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს ეს ხელისუფლება“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პროგრამას მხარს დაუჭერდა, თუმცა, ის უკვე არა წინასაარჩევნო, არამედ სამთავრობო პროგრამაა, ხოლო როგორც სამთავრობო პროგრამას, მას კონკრეტიკა აკლია.
ბაქრაძის განცხადებით, გარდა ამისა, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ წარსულზე საუბარი და რეალურ ოპონირებაზე იფიქრონ.
„მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ წარსულზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ამაზე საუბარი, რადგან ვიღაც თავის წარსულში ხან ჟირინოვსკის მისაღებში იყო ატუზული, ვიღაც პიჯაკგახდილი „ნავერტილეს“ მიირთმევდა, ვიღაც ასლანთან იყო, ვიღაც შევარდნაძესთან... არ არის ეს ის, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება კოლეგებო, ამიტომ მე გთხოვთ გადავიდეთ საქმიანი ოპონირების რეჟიმში“ - განაცხადა ბაქრაძემ.

















