სააქციო საზოგადოება „თელასის“ ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების საკითხი მოსკოვში უნდა გადაწყდეს.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა „თელასთან“ მიმდინარე აქციის მონაწილეებს კომპანიის გენერალურ დირექტორთან აშოტ მანუკიანთან გუშინ გამართული მოლაპარაკების შედეგები გააცნო.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მანუკიანს კომპანიიდან იძულებით გათავისუფლებული თანამშრომლების სია გადასცა და მათი სამსახურში აღდგენა სთხოვა.
„მანუკიანმა განაცხადა, რომ კომპანიაში მათი დაბრუნება მოსკოვთან უნდა შეათანხმოს. ის მოსკოვში გაემგზავრა, სადაც, ასევე, განიხილება „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის საკითხი“-განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მანუკიანი 29 ოქტომბერს დაბრუნდება და კომპანიის თანამშრომლების ყველა მოთხოვნას გადახედავს.
როგორც აქციაზე „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ მოშიმშილე მალხაზ ღონიაშვილმა განაცხადა, მანუკიანთან მოლაპარაკების შედეგად, მათი მოთხოვნების ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა.
კერძოდ, თანამშრომლებს პრემია დაერიცხებათ, გარდა ამისა, გადაიხედება შაბათ-კვირის მორიგეობისა და ხელფასების საკითხი.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანუკიანის შემდეგ ნაბიჯებს უნდა დაელოდონ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ფართომასშტაბიან აქციებს გააგრძელებენ.
„თელასის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი კი, მესამე დღეა შიმშილობს. აქციის წევრთა მოთხოვნაა ზურაბ არსოშვილის გაგადგომა და გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.

















