საპრლამენტო უმრავლესობის წევრი ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი სანოტარო კანტორად იყო გადაქცეული,
რომელიც ერთი კაცის - ქვეყნის პრეზიდენტის ნებას ასრულებდა.
როგორც მან დღეს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის ასეთი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიიღო ის, რომ ბოლო 8 წელია ბიუჯეტი ნაწილდება არა სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების, არამედ, ერთი კაცის გემოვნებისა და შეხედულებების შესაბამისად.
„უმცირესობის წარმომადგენლები სუფთა ადგილიდან რომ იწყებდეთ, მაშინ თქვენი კრიტიკა ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა. დღეს სრულიად გაუგებარია, როდესაც თქვენ სვამთ კითხვებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ჭკუას გვასწავლით, 8 წელი არ გქონდათ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღგედგინათ?“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ხალხს პირდებოდა, რომ დედაქალაქს სოხუმში გადაიტანდა და ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა, თუმცა, შედეგად მივიღეთ ის, რომ „რაც შევარდნაძეს გადაურჩა დაუკარგავი, ისიც კი დაკარგეთ და ტერიტირიული მთლიანობა კიდევ უფრო დაარღვიეთ“.
როგორც ძიძიგურმა განაცხადა, ციხეებში არსებული მდგომარეობა მხოლოდ ახალაიებისა და კალმახელიძის ბრალი არ არის და ამაში ბრალი პარლამენტის შესაბამის კომიტეტსაც მიუძღვის, რომლის წევრებიც „ვერც ვანო მერაბიშვილს და ვერც მიხეილ სააკაშვილს ენას ვერ უბრუნებდნენ“.
კახეთში სტიქიით დაზარალებულების დახმარებაზე საუბრისას ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ გახსენებია დაზარალებულები მაშინ, როდესაც მათ 1000-1500 ლარს აძლევდა, ხოლო გამგებლებსა და სხვა თანამდებობის პირებს 6 და 10 ათასიან პრემიებს უხდიდა.

















