საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ეჭვობს,
რომ შესაძლოა, საქართველოს ახალმა მთავრობამ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით, უკან დაიხიოს.
მინაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო, რუსეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის გარდა, აღიარებს, რომ ეს რუსეთის აგრესია იყო.
მინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართა, რომ მისი განცხადება ომის საქართველოს მიერ დაწყების შესახებ, ქვეყნის რღვევის პროცესის დასაწყისი იქნება.
„ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა. მგონი, თქვენ ეს კარგად გესმით“-აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, სტრასბურგსა და ჰააგაში საქართველოს რამდენიმე სარჩელი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოდევნას, ასევე, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხებათ.
მინაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობამ ეს საქმეები შეაფერხოს.
„ჩემი და ჩვენი პოზიციაა - არანაირი მორიგება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე მორიგება დაუშვებელია“-აღნიშნა მან.
ამასთან, მინაშვილი დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ სამართლიანობის პრინციპები მხოლოდ 2003 წლის შემდეგ განვითარებულ ფაქტებს შეეხება თუ ისინი მანამდელ პერიოდზეც გავრცელდება.
მისივე თქმით, თანამემამულეების დაბრუნებაზე საუბარი მისასალმებელია, თუმცა, ამ განცხადებას პირველი შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე გამოეხმაურა. „ჩვენ ეს უნდა ავირიდოთ“-აღნიშნა მან.
მინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქვეყნის პრეზიდენტისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, ის სათანადოდ მოიხსენიონ.

















