პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, „თელასის“, „საქართველოს რკინიგზისა“ და მაღაროების თანამშრომლებს
აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრიაშვილმა განაცხადა, უმჯობესია, ეკონომიკის ახალი მინისტრის და მისი მოადგილეების ოფიციალურად დანიშვნამდე აქციები დროებით შეჩერდეს.
ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ, 23 ოქტომბერს გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, ხოლო რკინიგზის ადმინისტრაციას მათი პრობლემების დასარეგულირებლად უფლებამოსილება არა აქვს.
„ვთხოვ ამ ხალხს მოიცადონ, ვიდრე ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ეკონომიკის მინისტრი დამტკიცდება და მოადგილეებს დანიშნავს“-განაცხადა პეტრიაშვილმა.
მან „თელასის“ თანამშრომლებს მოუწოდა აქცია სამშაბათამდე შეაჩერონ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ „თელასის“ დირექტორი გიორგი არსოშვილი არ გადადგება, პეტრიაშვილის თქმით, სრულმასშტაბიანი აქციები დაიწყება.
„თელასში“, საქართველოს რკინიგზასა“ და ჭიათურაში რამდენიმე დღეა ხელფასების გაზრდის, ნორმალური სამუშაო პირობების უზრუნველყოფისა და ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

















