უმცირესობის წარმომადგენლის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.
როგორც ღვინიაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო სოფლის მოსახლეობისთვის უფასო ტრაქტორები და მიწის უფასოდ მოხვნის შესაძლებლობა, შემდეგ პროდუქტის ასევე უსასყიდლოდ აღება და ბაზრამდე მიტანა, რაც არ შესრულდა. მისივე თქმით, ხალხი ამ დაპირებების შესრულებას შემოდგომის ხვნა-თესვის დროს ელოდებოდა და იმედი გაუცრუვდა.
ღვინიაშვილის აღნიშნულმა გამოსვლამ უმრავლესობის წევრების აღშფოთება გამოიწვია. მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
ღვინიაშვილის განცხადებით, გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ პროგრამა გაზაფხულზე ამოქმედდება.
„იმედი მაქვს, რომ გააზრებულად იქნება დათვლილი, თუ რა ჯდება ეს ყველაფერი და რა რაოდენობის ტექნიკა სჭირდება. გაზაფხულამდე არც ისე დიდი დროა და იმედი მაქვს, ამ დრომდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა საქართველოში შემოვა და ის ათეულობით ათასი გლეხი გაწბილებული არ დარჩება“-განაცხადა ღვინიაშვილმა.
ის კახეთის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მათ დახმარება 4 700 ლარის ოდენობით აღუთქვა, თუმცა, გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზარალი სრულად იქნება ანაზღაურებული. ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ ბევრმა ოჯახმა 50 ათას ლარზე მეტი ზარალი განიცადა და ახალი მთავრობა ვალდებულია, მათ ზარალი სრულად აუნაზღაუროს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, ადგილობრივი და უცხოური კერძო ინვესტიციები. შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1 მილიარდიანი ფონდი.
პრემიერობის კანდიდატმა, ასევე აღნიშნა რომ ამ პოლიტიკის შედეგად, უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაიზრდება თვითდასაქმებულთა კეთილდღეობა, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს და შემცირდება ფარული უმუშევრობა სოფლად.
პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დღეს უნდა დაამტკიცოს.

















