თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება პარლამენტს საჯარო ანგარიშები წარუდგინოს, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე - ამის შესახებ დღეს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნება სამხედრო-საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, გადაიხედება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე და გადაისინჯება პრეტენზიები პენსიების დანიშვნის კანონიერების საკითხებზე.
„მთავრობა შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და წარმართავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად. დაიხვეწება სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო თავდაცვის ეფექტური სისტემა შემუშავდება.
ივანიშვილის თქმით, ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

















