პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს საპარლამენტო უმცირესობაც დაუჭერს.
ხმალაძემ დღეს პარლამენტში ივანიშვილის გამოსვლის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებას და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ პრობლემებს ეხება.
მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში დაუბალანსებული პოლიტიკური სისტემა შეიქმნა, ამასთან, ის ცვლილებები, რომელიც ძალაში ერთი წლის შემდეგ უნდა შევიდეს, დაბალანსებული სისტემის შესაძლებლობას ვერ იძლევა.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროგრამის იმ ნაწილის განხორციელება, სადაც საუბარია დაბალანსებული და გაწონასწორებული კონსტიტუციური სისტემის შექმნაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმები, აუცილებელია.
„იმედი მაქვს, ამ ნაწილში ცვლილებებს გარდა უმრავლესობისა, საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს მხარს, რათა ქვეყანაში ისეთი კონსტიტუციური რეჟიმი დადგინდეს, რომ ხელისუფლების ვერც ერთმა განშტოებამ ვერ შეძლოს სასწორის თავის მხარეს გადახრა“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება პროკურატურისა და პოლიციის დეპოლიტიზებას, ხმალაძეს ამ მიზნით მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია იუსტიციის მინისტრის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის დისტანცირება პროკურატურისგან, რათა ის მართლაც კანონის დაცვის ხელშემწყობად იქცეს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიზნების შემსრულებლად.
ასევე, ხმალაძის თქმით, შესაცვლელია კონსტიტუციური სამართალწარმოების წესები.

















