საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილების გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ხელისუფლების პიროებებში გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები იქნება ხელშეუხებელი.
მისი თქმით, რეფორმირების შედეგად სასამართლო სისტემა სამუდამოდ გათავისუფლდება პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენისაგან.
„მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ამოქმედდება საკონსტიტუციო კონტროლის ქმედითი მექანიზმები. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებაა სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების პროცესის საჯაროობა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის მხოლოდ შეკრების წესით შეფარდება და ასევე, სამართლიანი გახდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი.
ივანიშვილმა პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილების შეზღუდვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადვოკატის ინსტიტუტის როლი გაძლიერდება.

















