პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პერმიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.
როგორც მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ანგარიშებზე 2 მლრდ ლარზე მეტია.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის და ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება და ბიუჯეტში მისი მობილიზება ახალი პრემიერ-მინისტრის ერთი ბრძანებითაა შესაძლებელი.
„შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყუებოდეს, ზოგი - არა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ციფრები არასდროს იტყუებიან“-აღნიშნა მერაბიშვილმა და ამ ანგარიშების ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინა.
დღეს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ანგარიშზე დღეს დაახლოებით, 200 მლნ ლარია, რომელიც შეიძლება კიდევ შემცირდეს, რადგან ხელფასების გაცემა მიმდინარეობს.
„არანაირი 2 მლრდ არ არსებობს და არის მხოლოდ 200 მლნ ლარი, რომელიც ხარჯებს ხმარდება. ძველი მთავრობა ამბობს, რომ თითქოს, ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც მორიგი ტყუილია, რადგან წლიური გეგმა ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ 75%-ით არის შესრულებული“ - განაცხადა ხადურმა.

















