პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდის წევრების მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე კანონის მოთხოვნების შესაბამისი მკაცრი რეაქცია ექნება.
ამის შესახებ ივანიშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
ქუცნაშვილი დაინტერესდა, როგორი იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრის რეაქცია თუ პარლამენტის ან მთავრობის რომელიმე წევრი ქართველი ხალხის ფულს მოიპარავს ან მდგომარეობას საკუთარი ბიზნესის წასახალისებლად გამოიყენებს.
„როდესაც მთავრობის გუნდის წევრები პირველად წარვადგინე, მაშინაც ვთქვი, რომ თუ ვინმეს რაიმე პირადი ოჯახური პრობლემები გექნებათ, ჯობს მოხვიდეთ და მითხრათ და დაგეხმარებით პირადად მე ან რაიმე სხვა გზებით“-განუცხადა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წევრი ვინც ბიუჯეტიდან მოიპარავს, „ცუდად დაასრულებს“, ამასთან, ეს გუნდის სირცხვილი იქნება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბიუჯეტის ფულის მოპარვის პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას.

















