საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისგაცემაა.
როგორც მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრისას აღნიშნა, ივანიშვილმა დღეს ვერ მოახერხა პარლამენტში პირველ სერიოზულ გამოსვლაზე ისე წარმსდგარიყო, როგორც სახელმწიფო მოღვაწე.
„ვერ მოახერხეთ წარმსდგარიყავით ისე, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც გამაერთიანებელი იქნება, რომელიც წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამოვიდოდა და უკვე როგორც მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი ისე ისაუბრებდა“ - განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილმა საყვარელი გაზეთის „ასავალ-დასავალის“ სტილში ყველა ის ბრალდება გაიმეორა, რომელსაც წინა ხელისუფლებას აქამდე აბრალებდა.
გაბაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თითქოს წინა ხელისუფლებას ის ცვლილებები მოელანდა, რომელიც ქვეყანაში მოხდა. ასევე, მოელანდა ის ინვესტიციები, რომელიც შემოდიოდა.
„სინამდვილე კი ის ყოფილა, რომ თურმე ჩვენი რეიტინგებით საერთაშორისო ორგანიზაციებს ვატყუებთ. პატარა საქართველომ თუ მსოფლიო ბანკის მოტყუება და ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-9 ადგილის დამსახურება შეძლო, საინტერესოა, თქვენმა საყვარელმა რუსეთმა რატომ ვერ მოახერხა ეს? რუსეთი იგივე რეიტინგში 122- ე ადგილზეა“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისი თქმით, წინა 8 წლის მიღწევებსა და წარმატებებს ყველა კარგად ხედავს.
„ის ადამიანები თქვენგან განსხვავებით, „ასავალ-დასავალს“ არ კითხულობდნენ და ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქვეყანას წინსვლა ჰქონდა. თქვენი ფუნქცია და მოვალეობა შემდგომი თვეებისთვის არის გააკეთოთ ის, რაც დღეს ვერ გააკეთეთ - გვითხრათ ის, თუ როდის მოხდება კონკრეტულად წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება“ - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ბიუჯეტს არ იცნობს და ჯანდაცვის სისტემას და სოფლის მეურნეობას თავისი ჯიბით დააფინანსებს.
„არსად არასდროს არცერთ ვითარებაში ისეთი ქვეყანა არ მინახავს, სადაც მწყობრი გეგმის ნაცვლად ასეთი დაპირება არსებობს“ - განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილს დაპირების შესასრულებლად პირადი ანგარიშიდან ყოველწლიურად 700 მლნ-ის გაღება მოუწევს.

















