პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ბარამიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების ნებისმიერი წევრი, რომელიც კანონს არღვევდა, უნდა დაისაჯოს.  
როგორც მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე აღნიშნა, წინა ხელისუფლებიდან გამოვლენილი ყველა პიროვნება, რომელიც დანაშულს სჩადიოდა, საზოგადოების წინაშე მორალურადაა პასუხისმგებელი.
„დაინტერესებულები ვართ, რომ თუკი ვინმე გამოვლინდება, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, პასუხი აგოს. ამაზე აუცილებლად ვითანამშრომლებთ. ეს ჩვენი ინტერესია, რადგან არ ვართ ის ხალხი, რომელსაც აქვს აზრი, რომ კრიმინალებთან ერთად რაღაცას მივაღწევთ და მათთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნას შევძლებთ“ - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, არცერთ ნორმალურ პარტიას თავის გუნდში კრიმინალები არ სჭირდება, ამიტომ დანაშაულის ჩამდენ პირებს ბუნებრივია, არც მანამდე აფარებდნენ ხელს და მითუმეტეს არც ახლა დააფარებენ.
ამასთან, ბარამიძის თქმით, ივანიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ჩნდება.
„ალბათ, ძალიან ძნელი იყო, რომ პატიოსნად გეშოვათ იმდენი მილიარდი იმ რუსეთში, რომელიც ველურ დასავლეთზე უფრო ველური იყო. მართლა ძალიან დიდი ვირტუოზი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს სუფთად მოახერხო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს შეკითხვებს აჩენს“ - აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, შეკითხვები კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში ისე გაყიდა, რომ პრობლემა არ შექმნია, მაშინ როდესაც რუსეთში ბევრი მილიარდერი ამას ვერ ახერხებს.
ბარამიძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილის ქმედებები შემდგომ ამ ყველაფერს პასუხს გასცემს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












