პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს თავი დაანებოს „სიცრუეზე დაყრდნობილ ბრალდებებს“, რადგან მისი თქმით, ახალ მთავრობას რეალური საკრიტიკოც ბევრი ექნება.
როგორც ივანიშვილმა უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც კრიტიკას არ იმსახურებს და ამისთვის ახალი მთავრობა უკვე განწყობილია.
„ჩემი მოწოდება იყო, რომ საპარლამენტო უმცირესობა რეალობაში დაბრუნდეს, ახალი რეალობა შეაფასოს და კრიტიკა მოახერხოს არა სიცრუეზე დაყრდნობით, არამედ ობექტური კრიტიკა დაიწყოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კონსტრუქციული, ობიექტური და სასარგებლო იქნება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ვადებთან დაკავშირებით, ივანიშვილი ოპონენტების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროგრამის განხორციელების ვადები რამდენჯერმე დაასახელა, თუმცა, გამოსვლებში მაინც იგივე გაიმეორეს.
„იგივეს იმეორებენ, დასკვნებს სიცრუეზე დაყრდნობით აკეთებენ და მერე ამაზე ანალიზს აკეთებენ. სჯობს ამ სიყალბეს თავი დაანებონ“ - დასძინა მან.

















