როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ სათათბიროს წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განაცხადა, თორნიკე არევაძეს 22 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა.
ტაბატაძის განცხადებით, რუსთავში 8 მარტს რესტორან „ქალაქურში“ ინციდენტი მოხდა, რომელშიც მისი თქმით, თორნიკე არევაძეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, საქმეში არსებული ყალბი ჩვენების საფუძველზე, 8 მაისს ის დააპატიმრეს.
„იგი დღემდე კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. დაკითხეს ათეულობით თვითმხილველი, თუმცა, არავის დაუდასტურებია აღნიშნულ ინციდენტში თორნიკე არევაძის მონაწილეობა“ - განაცხადა ბესიკ ტაბატაძემ.
მისი ინფორმაციით, არევაძესთან ერთად დაპატიმრებული ვახტანგ დანელია თავიდან აღიარებდა თავის დანაშაულს და უარყოფდა ინციდენტში არევაძის მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ სასამართლოს ბოლო სხდომაზე მან პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირველი ჩვენება შეცვალა და თავისუფლების სანაცვლოდ, არევაძეს თანამონაწილეობაში ბრალი დასდო.
ტაბატაძის თქმით, ვახტანგ დანელიამ მიზეზად იმისა თუ აქამდე რატომ არ ადებდა ხელს არევაძეს, „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლა დაასახელა.
„დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ საქმე ეხება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც მათი შეფასებით, „ნაციონალური დიქტატურის ნარჩენები“ მათთვის ჩვეული ხერხებით, კვლავ ძველებურად ახორციელებენ „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ დისკრედიტაციას“.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე ყველა პოლიტპატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, ხოლო ყველა მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, რომლებიც რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, წარსდგებიან თავისუფალი სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებენ სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის“-განაცხადა ტაბატაძემ.
2012 წლის 22 ოქტომბერს „თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა“ თორნიკე არევაძეს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

















