ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანია „კავკასუს ონლაინთან” დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი 2008 წლამდე კავკასუსის 80%-იან წილს ფლობდა, საიდანაც 50% იძულებით გაყიდა.
მისი თქმით, კომპანიაზე ზეწოლა 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა და ქსელში ინტერნეტის მიწოდების გასაკონტროლებლად სადენის ჩასმა მოითხოვა.
სანადირაძის თქმით, „კავკასუსის“ ტექნიკოსებმა ამაზე უარი განაცხადეს და 2009 წლის სექტემბერში კომპანიაზე ზეწოლა დაიწყო.
მისი თქმით, მიზანმიმართულად იჭრებოდა „კავკასუსის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები და როცა კომპანიის თანამშრომლები ასეთ პიროვნებებს ფაქტზე იჭერდნენ, ისინი თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები ან ყოფილი „ელექტროკავშირის“ ამჟამად კი, „სილქნეტის“ წარმომადგენლები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
სანადირაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ პირებს საპატრულო პოლიციას გადასცემდნენ, მათ მალევე ათავისუფლებდნენ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ ხდებოდა.
ამასთან, „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია 2009 წლის ოქტომბრიდან-დეკემბრამდე უმნიშვნელო დარღვევებისთვის 6 ათას ლარამდე დააჯარიმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ კომპანიაში შევიდა საგადასახადო კომისია და იმის გამო, რომ დარღვევები ვერ აღმოაჩინა კომპანია 11 მლნ. ლარით დააჯარიმა.
სანადირაძის განცხადებით, მიზეზად ინტერნეტის იაფად გაყიდვა და საშემოსავლოს სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალება დასახელდა.
როგორც სანადირაძემ აღნიშნა, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა კომპანიის 50% გაეყიდა.
„იმის გამო, რომ არ დავთანხმდი ვიღაცის შპიონი ვყოფილიყავი და რაღაც პირობები შემესრულებინა, ამხელა კომპანია დაანგრიეს“- განაცხადა სანადირაძემ და აღნიშნა, რომ მას ამ დროისთვის არ შეუძლია დაასახელოს რა თანხად გაყიდა კომპანია, რადგან ხელშეკრულების პირობების თანახმად, ეს ინფორმაცია საიდუმლოა.
ამასთან, როგორც სანადირაძე აღნიშნავს, საქართველოში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფება და მისი მიზანი არა კომპანიის დაბრუნება, არამედ სამართლიანობის აღდგენაა.
„ჩამოვედი იმისთვის, რომ საქმე აღვძრა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც შს-ს ახალი მინისტრი და გენერალური პროკურორი დაინიშნებიან, განცხადებას შევიტან და მოვითხოვ გამოიძიონ ის ვანდალიზმი, რომელიც კომპანიის მიმართ განხორციელდა“ - განაცხადა სანადირაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის მის მფლობელობაში რჩება „კავკასუს ონლაინის“ 30%-იანი წილი, თუმცა, ფიქტიურად, რადგან მის მართვას ვერ ახერხებს, 20%-იან წილს კი, ბრიტანული კომპანია ფლობს.
ამასთან, სანადირაძე ვარაუდობს, რომ „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტში პრობლემებია და კომპანიას ბევრი ვალი აქვს.