ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რომელიმე ძალის მიერ საკონსტიტუციო
უმრავლესობის შექმნას, თუმცა, ამა ეტაპზე, ახალი ხელისუფლების პირობებში, მას ეს კატასტოფად არ მიაჩნია.
1 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ექსპერტმა დღეს ჟურნალისტებთან შეაფასა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 1 ოქტომბერს საქართველოში ისტორიული რამ მოხდა, ხელისუფლება ოპოზიციის ხელში არჩევნების გზით გადავიდა.
ხუციშვილი აცხადებს, რომ ერთი მხრივ, საქართველოში მომგებიანი ვითარებაა - ქვეყანას მართავს ძალა, რომელმაც ხმების უმრავლესობა მიიღო. პარლამენტში წარმოდგენილია მანდატების რაოდენობის თვალსაზრისით ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ოპონირება შეუძლია და არსებობს შეთანხმება, რომ გადაწყვეტილებები ცივილიზებულ ფარგლებში მიიღება.
თუმცა, ექსპერტი იქვე დასძენს, რომ სინამდვილეში დღეს არ არის ევროპის დემოკრატიული ქვეყნების მსგავსი სიტუაცია, როდესაც ამომრჩეველი გადაწყვეტილებას პოლიტიკური ძალის პროგრამების მიხედვით იღებს.
„გვაქვს შედეგი ორი ძალის დაპირისპირებისა, პირველს ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარება ჩიხში შეჰყავდა და დიქტატურას აშენებდა, მეორე კი, მას დაუპირისპირდა“ - აღნიშნა ხუციშვილმა და განმარტა, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც კოალიციას ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საზოგადოება მას ენდო და დაიჯერა, რომ მას დიქტატურისკენ ქვეყნის სვლის შეჩერება შეუძლია.
ამასთან, ექსპერტის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბირთვს, რომელსაც ხალხი დაუპირისპირდა, პარლამენტში დემოკრატიული გარდაქმნა არ შეუძლია.
აქედან გამომდინარე, ხუციშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო ბრძოლა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, საკმაოდ მტკივნეულად იდეოლოგიური დაპირისპირების ფარგლებში წარიმართება.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ყოფილი წევრები უკვე გაემიჯნენ, რაც იმის ნიშანია, რომ მასში ეროზიაა დაწყებული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას ხუციშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს იყო „მიზეზი ქვეყანაში ათასი უბედურებისა და მათ შორის აგვისტოს ომისა“.
„ჩვენ რომ დღევანდელი პარლამენტი გვყოლოდა, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა და არც აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის აღიარების მოწმენი გავხდებოდით. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იყო ძალა, რომელსაც შეეძლო წინ აღდგომოდა რამდენიმე ადამიანის კაბინეტებში მიღებულ და არავისთან შეთანხმებულ არაჯანსაღ გეგმებს, რომლის განხორციელებამაც კატასტროფამდე მიგვიყვანა“-განაცხადა მან.
ამდენად, ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სჯობს საკონსტიტუციო უმრავლესობა არცერთ ძალას არ ჰქონდეს, რადგან ის ოპონირების რეჟიმს აფერხებს და დემოკრატიულ პროცესებს ხელს უშლის. ექსპერტი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას არ მიესალმება, თუმცა, არც კატასტროფად განიხილავს, ვინაიდან, მისი თქმით, დღეს უმრავლესობაში არ არიან ისეთი იდეებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანონ.

















