საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მხრიდან მაჟორიტარებზე განხორციელებული
ზეწოლის ფაქტებს რამდენიმე დღეში წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ დავით ბაქრაძემ განუცხადა, ბედნიერი იქნება თუ მაჟორიტარებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები აღარ დაფიქსირდება.
„ფაქტების ნაწილი გუშინ წარმოვადგინეთ და მომავალ დღეებში, ზეწოლის სხვა ფაქტები იქნება წარმოდგენილი. უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე და არა პიროვნულ შეფასებაზე თუ ვინ ცრუობს და ვინ არა. სიტყვას გაძლევთ, რომ ასეთი ზეწოლის არ არსებობის შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არცერთი განცხადება არ გაკეთდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფაქტები არსებობს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობაზე ზეწოლის ფაქტები არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს.

















