ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე იუსტიციის მინისტრის გაუჩინარება, რომელსაც სხვა ყოფილი 
მაღალჩინოსნებიც მიჰყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლუსტრაციაა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების ყველა ქმედებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ ახალ ხელისუფლებას მხარი იმ მოლოდინის გამო დაუჭირა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების მიმართ ამ გუნდის პრინციპული დამოკიდებულება იწვევდა. 
„თუ ეს დავიწყებას მიეცა, შეიძლება ახალი ხელისუფლება მომავალ არჩევნებამდე ვერ მივიდეს და საკუთარი მოსახლეობის სრულიად სამართლიანი აღშფოთება დაიმსახუროს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა გარდაუვალი პროცესია მიუხედავად იმისა, „ვინ რომელ ქვეაყანაში წავა და ვინ რა ეპისტოლარული ჟანრის შედევრს დატოვებს თავისი გაუჩინარების ასახსნელად“.
ამასთან, ცისკარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია  ერთმანეთისგან გაიმიჯნოს რევანშიზმი და სამართლიანობა, რადგან რევანშიზმი ყოვლად დაუშვებელია. 
„იმედი მაქვს, ახალ ხელისუფლებას რევანშიზმისთვის დრო არ დარჩება, რადგან ბევრი სამართლებრივი სამუშაო აქვს ჩასატარებელი“-განაცხადა ცისკარიშვილმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












