მთავრობის კანცელარიაში ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მხრიდან სახელმწიფო
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებს ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი აწარმოებს.
როგორც მოლაპარაკების დაწყებამდე თორნიკე გორდაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა მოლაპარაკების ბოლო რაუნდია, რომელსაც ის წარუძღვება და შემდეგი რაუნდს ახალი მთავრობის წარმომადგენელი წარმართავს.
„მივაღწიეთ იმას, რომ მოლაპარაკების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და მიგვაჩნია, რომ როგორც ასოცირების შესახებ, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასასრულებლად კიდევ სამი-ოთხი რაუნდი იქნება საჭირო“ - განაცხადა გორდაძემ და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევფროკავშირთან მოლაპარაკებების დღემდე არსებული ტემპით წარმართვა.
როგორც თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მიზანია მოლაპარაკებები მომავლი წლის მეორე ნახევარში დასრულდეს.
სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქართული მხარე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ 2013 წლის ბოლოსთვის დიალოგის დასრულებას ცდილობს.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იქნეს მიღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“ - განაცხადა გორდაძემ.
ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ჩართულია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც.

















