ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით ახალი მთავრობა კონსულტაციებს ენერგოკომპანიებთან გამართავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი 
კალაძემ განაცხადა, რომელიც დღეს საპარლამენტო კომიტეტებს ხვდება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს გაზის და ელექტროენერგიის შემცირებასა და საწვავის ფასების კლებაზე საუბრობდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონსულტაციები დაიწყება. 
„კონსულტაციებს ყველა იმ კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომელიც ენერგოსექტორში საქმიანობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ ამის განხორციელება როგორ შეიძლება.  მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ჩემი ნება არ არის, რადგან   მარეგულირებელი კომისია არსებობს და ყველაფერი ურთიერთთანამშრომლობისა და კომპანიებთან შეხვედრების შემდეგ გაირკვევა“ - აცხადებს კალაძე. 
საპარლამენტო კომიტეტებში კალაძე დეპუტატებს საკუთარ გეგმებს გააცნობს. ახალი მინისტრთა კაბინეტი 25 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცდება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












