საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფორუმს - „ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი 2012 მსოფლიო ლიდერებისთვის“ მუშაობაში მონაწილეობს. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საერთაშორისო ფორუმი გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდის პატრონაჟითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დუბაიში იმართება. 
მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე დამსწრე მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით  გამოვიდა. 
ფორუმის მთავარი თემა უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის გამომუშავების გზების მოძიებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში სოციალური და ეკონომიკური განვითარების მტკიცე საფუძველს შექმნის. 
კონფერენციაში მონაწილე ლიდერებმა 22 ოქტომბერი ენერგეტიკის მსოფლიო დღედ გამოაცხადეს.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2012 წელი მდგრადი ენერგიტიკის საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული.
დუბაიში მიმდინარე ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეული 2 500-ზე მეტი  დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მთავრობის მეთაურები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












