ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორს სტეფანო მანსერვისს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს შეეხო.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველო სამოქმედო გეგმას, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.
როგორც მანსერვისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მომავალ მთავრობასთანაც გაგრძელდება.
„საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმენი ვართ. ეს ყველაფერი დემოკრატიული გზით მოხდა. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან რეფორმების, ჩვენი საერთო საჭიროებებისა და მიზნების კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ, როგორც კომისია ახალ ხელისუფლებასთან მუშაობას გავაგრძელებთ საიმისოდ, რომ ვიზების ლიბერალიზაციას რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“ - განაცხადა მანსერვისმა.
მისივე თქმით, ევროკომისია მომავალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავებას წლის ბოლომდე დაასრულებს.

















