პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს,
რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველ სხდომაზე ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას შეცდომა დაუშვა. 
ყოლბაიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომ სააკაშვილს როგორც პრეზიდენტს, უკვე დიდი ხანია კონფლიქტის მოგვარების პრაქტიკულად არავითარი რესურსი არ დარჩა.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას არამარტო მის აღდგენას, არამედ, კონფლიქტის მოგვარების საკითხს უნდა გაესვას ხაზი.
„როცა კონფლიქტი მოგვარდება, მაშინ შეიძლება ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი და ასევე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ახლავს თან. ამიტომ, პრეზიდენტს  თავის დროზე უნდა ეფიქრა თუ რა ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა კონფლიქტის მოსაგვარებლად“  -  განაცხადა ყოლბაიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გაღრმავებულიყო.
„მხედველობაში მაქვს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი“ - აღნიშნა ყოლბაიამ. 
მისი თქმით, ახლა ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ კონფლიქტის მოგვარებაში რეალურად ჩართული ხალხი უფრო რეალურ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ და აფხაზური მხარისთვის მათი შეთავაზება კონფლიქტის მოგვარების რთულ გზაზე უფრო ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს.
ამასთან, ყოლბაია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება საქართველოს ოკუპანტის მიერ დაგებულ ხაფანგში არ გაებმება.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსა და დეოკუპაციაზე. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












