პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა გია ყრუაშვილმა, „საქართველოს რკინიგზის“ წინ მიმდინარე აქციაზე, ირაკლი ეზუგბაიას მიერ 
რკინიგზის ხელმძღვანელობის პერიოდში დადებული გარიგებების ნუსხა წარდგინა. 
როგორც ყრუაშვილმა აღნიშნა, ეზუგბაიას რკინიგზის დირექტორად დანიშვნის დღიდან  საწარმოში სხვადასხვა კორუფციული გარიგება იდებოდა, რომლის შესახებაც პროკურატურაში განცხადება უახლოეს დღეებში შევა. 
მისი თქმით, 2003 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ ბანკიდან კრედიტის სახით  15 მლნ ლარი აიღო, ლიანდაგის მთელ პერიმეტრზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკონტაქტო სადენი განათავსა და „ტელეკომი“ შეიძინა, რომელიც 2009 წელს საპრივტიზაციო ნუსხაში იქნა შეტანილი და 20 მლნ აშშ დოლარად გასხვისდა, ხოლო ბანკის კრედიტი 15 მლნ ლარი დღესაც გადაუხდელია. 
ამასთან, ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ 1995-1997 წლებში ნავთლუღში   რკინაბეტონის განძელების ქარხანა აშენდა, რომელიც საჩუქრად პრეზიდენტის რწმუნებულს ცეზარ ჩოჩელს გადაეცა. 
„დიდუბეში კი, ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებთან  მისასვლელი ლიანდაგებით, სარკინიგზო ავტოფარეხით და სარემონტო დანადგარებით, რკინიგზის ერთ-ერთმა დირექტორმა აბუაშვილმა 6 ათას ლარად შეისყიდა შემდეგ კი, 6 მილიონ აშშ დოლარად გაასხვისა“ - განაცხადა გია ყრუაშვილმა. 
მისივე თქმით, ირაკლი ეზუგბაიას მამიდაშვილმა აუქციონზე 10 ელმავალში ერთი ლარი გადაიხადა, შემდეგ კი, ჯართის სახით გაყიდა. 
ამასთან, ყრუაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ეზუგბაიას სამსახურიდან 5 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს გათავისუფლებული, მათ ნაცვლად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახლობლები მუშაობენ. 
„საქართველოს რკინიგზასთან“ დღეს „თავისუფალი საქართველოსა“ და „რკინიგზელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, მათ ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობიდან წასვლა და რკინიგზელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












