საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უკვე დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
სხდომაზე იმყოფებიან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სხდომას სტუმრის სტატუსით არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. 
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათისაა, რომელზეც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები აირჩევიან. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით, სხდომის გახსნის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისიებს აირჩევს. 
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამანდატო კომისიამ უნდა სცნოს დეპუტატთა უფლებამოსილება, რის შემდეგაც იწყება მთავარი - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. 
არჩევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომას წარუძღვეს. 
კობახიძის თქმით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევაა. საპარლამენტო უმცირესობას აქვს უფლება ვიცე-სპიკერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს. 
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, მას ნდობას მომდევნო კვირაში გამოუცხადებენ. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












