1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია „ქართული ოცნება“ 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 65 დეპუტატს შეიყვანს. 
პროპორციული წესით ივანიშვილის ბლოკს 44 მანდატი ერგო, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ - 33 მანდატი მიიღო. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 41 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32 მაჟორიტარი.
როგორც უკვე ცნობილია, კოალიცია პარლამენტში სამ ფრაქციად იქნება წარმოდგენილი. ესენია „ქართული ოცნება“, რომელსაც ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს, „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი იქნება, „რესპუბლიკელები“, რომელსაც სათავეში დავით ბერძენიშვილი ჩაუდგება. ამასთან, კოალიციის წევრები  არ გამორიცხავენ, ფრაქციების რაოდენობა გაიზარდოს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკანონდებლო ორგანოში სამ  ფრაქციის შექმნას აპირებს. ესენია -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“, რომელსაც სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ჩაუდგება და „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“, რომლის თავმჯდომარე ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე იქნება.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, უმრავლესობის ლიდერად კი, სავარაუდოდ, დავით საგანელიძე მოიაზრება, თუმცა, მისი კანდიდატურა ოფიციალურად კოალიციის ლიდერს ამ დრომდე არ დაუსახელებია.
მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 13:00 საათზე გაიმართება. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












