საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად 
დავით დარახველიძის წარდგენასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას მიესალმება.
როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, დარახველიძის მინისტრობის კანდიდატად წარდგენას არასამთავრობოები გამოეხმაურნენ და ახალ მთავრობას საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას  მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოუწოდეს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგადოებამ ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით გამოიჩინა. ეს ჯანსაღი პროცესია, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ აქამდე არ ჰქონია. მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან  ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები ყოველთვის იგნორირებული იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის განცხადებით, ის, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზადაა შეხვდეს და ითანამშრომლოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიციის გამოთქმა საჭიროდ ჩათვალა.
„ასევე, უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ  დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით გაუჩნდათ“ - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის დავით დარახველიძის განმარტებები არასაკმარისი აღმოჩნდა, მზადაა მინისტრობის კანდიდატთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მათთან დისკუსია გამართოს და მათი შეხედულებები მოისმინოს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელეს.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რადგან მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ასევე, აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












