პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებით, მისი
უკანონო მფლობელები ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ.
როგორც ცისკარიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ტელეკომპანიის დათმობა გარკვეულმა შიშმაც განაპირობა, რადგან „იმედის“ საკითხს დიდი ხმაური მოჰყვებოდა.
„ბოროტი ძალის მიერ მიტაცებული საკუთრება ბრუნდება მხოლოდ ორ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილებთ ან რაიმე დიდი შიშის წარმოქმნის პირობებში. ვფიქრობ, რომ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ყოფილი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად არაერთ შემაძრწუნებელ ისტორიას ისმენს საკუთარი ყაჩაღობის თაობაზე, ადვილად მიხვდებოდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ საქმე ყველაზე ხმაურიანი საკითხი აღმოჩნდებოდა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ცისკარიშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რომ არა საზოგადოებისა და ახალი ხელისუფლების მკაცრად უარყოფთი რეაქცია იმის თაობაზე, რომ ამ ტელეკომპანიისთვის ბიუჯეტს გარკვეული ვალები უნდა ეპატიებინა, მსგავსი გადაცემა არ მოხდებოდა.
„ახლა ბიუჯეტის მიმართ ვალებში ჩაძირულ ტელეკომპანიას თავად თმობენ, რათა გათავისუფლდნენ ამ ფინანსური ტვირთისგან“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, რეალურად ჩამოშორდა თუ არა ყოფილი ხელისუფლება „იმედს“, ამაზე მსჯელობა საჭირო არ იქნება, რადგან ადრე თუ გვიან, საინფორმაციო გამოშვებები განახლდება და ყველა თავად დარწმუნდება, არსებობს თუ არა მსგავსი ეჭვის საფუძველი.
ამასთან, ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ კანონიერ და უკანონო მფლობელს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმება არსებობს, თუმცა, არა გარიგება, რადგან მისი თქმით, პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია „იმედზე“ ბევრად უფრო ძვირფასი, თავად ბადრი პატარკაციშვილის სახელია.
რაც შეეხება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ პატარკაციშვილის ოჯახის წევრების ტაშით შეხვედრას, ექსპერტის აზრით, ეს მათი ადეკვატური რეაქცია იყო და მომავალი თანამშრომლობის სურვილზე მიანიშნებდა.
„მოწმენი ვართ სრულიად ადეკვატური რეაქციისა, რადგან ჟურნალისტების დიდი უმრავლესობა საკუთარ თავს აღიქვამდა გარკვეული უსამართლობის თანამონაწილედ, რაც მათ არ მატებდა არც პროფესიულ და არც მოქალაქეობრივ ღირსებას. მსგავსი განცდისგან გათავისუფლება, რასაკვირველია ტაშისცემით დასახვედრი ფაქტია. ეს ტაში გარკვეული მონანიების ნიშანიც იყო და გზა მომავალი თანამშრომლობისთვის“ - განაცხდა ცისკარიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს უბრუნდება. ოჯახმა ამის შესახებ განცხადება 16 ოქტომბერს გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელებთან შეთანხმება შედგა და ოჯახისთვის მისი გადაცემის პროცესი დაიწყო.
ტელე-რადიო კომპანია „იმედის" 100%-იანი წილის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ აქციების 10%-ს ფლობდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა, „ტელეიმედი” პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო კომპანიის 90%-ს - პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააკ ჯორჯია ჰოლდინგი". მოგვიანებით კი, კომპანიის 45%-იანი წილი ეკონომიკის ყფილი მინისტრის გიორგი არველაძის მფლობელობაში იყო, რომელიც ასევე „იმედის“ გენერალური დირექტორის პოსტსაც იკავებდა. მან ტელეკომპანია უკვე დატოვა. ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე, შვილები და დები უკვე იმყოფებოდნენ ტელეკომპანიაში. მათი განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტელეკომპანია მაღალპროფესიული და ობიექტური არხი იყოს. ამჟამად, „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებები დროებით შეჩერებულია.

















