ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, 21 ოქტომბერს, შესაძლოა, პარლამენტის ბიუროს სხდომაც გაიმართოს. 
როგორც „ნიუსპრესს“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატების დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, სხვადასხვა დეტალი დაზუსტდება, მათ შორის იქნება, ბიუროს სხდომის ჩატარების საკითხი.
„მომდევნო კვირის მთავარი საკითხია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. პარლამენტის ფრაქციებისა და კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატებისა და მთავრობის პროგრამის განსახილველად 2-3 დღე სრულიად საკმარისი იქნება“ -  განაცხადა კობახიძემ.    
 
მისი თქმით, საპრლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ხვალ უკვე ქუთაისში იქნებიან. 
„ყველა ტექნიკურ საკითხს აუცილებლად გავივლით. იმ ხალხისთვის, ვინც პირველად მოხვდა პარლამენტში, ეს პროცედურები სრულიად ახალია“ - აღნიშნა კობახიძემ.        
რაც შეეხება პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობას, კობახიძის თქმით,   მიუხედავად იმისა, რომ სხდომათა დარბაზში ტელეკამერების მუშაობა გათვალისწინებული არ არის და მედიას შეუძლია გამოიყენოს დარბაზში დამონტაჟებული დაახლოებით 4 კამერის ჩანაწერი, ამ სხდომისადმი დიდი ინტერესის გამო, ჟურნალისტებს და ოპერატორებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა ექნებათ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












