ახალი პარლამენტის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება, რომელზეც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები 
აირჩევიან. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მანანა კობახიძემ განუცხადა. 
მისი თქმით, პირველ სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიწვეული სტუმრის სტატუსით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დაესწრებიან.
კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას  პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი 85 წლის მოქანდაკე გიორგი ოჩიაურია. 
სხდომის გახსნის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე  არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისიებს აირჩევს. 
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამანდატო კომისიამ უნდა სცნოს დეპუტატთა უფლებამოსილება, რის შემდეგაც იწყება მთავარი  - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. 
არჩევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომას წარუძღვეს. 
კობახიძის თქმით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხია  პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. საპარლამენტო უმცირესობას აქვს უფლება  ვიცე-სპიკერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.   
„პრეზიდენტი მობრძანდება სხდომაზე. მან დანიშნა სხდომა და ის პარლამენტისადმი  თავისი მიმართვით ფაქტიურად პირველ  სხდომას გახსნის. კონსტიტუციით მას ამის უფლება აქვს. შემდეგ შეუძლია დატოვოს პარლამენტი“ - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, კობახიძე იმედოვნებს, რომ მათთვის ნდობის გამოცხადება მომდევნო კვირას მოხერხდება. 
„პარლამენტის ფრაქციებისა და კომიტეტების მიერ მინისტრთა კანდიდატებისა და მთავრობის პროგრამის განსახილველად 2-3 დღე სრულიად საკმარისი იქნება“ - მიიჩნევს კობახიძე.    
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კვირას, 21 ოქტომბერს, ქუთაისში 13:00 საათზე გაიხსნება. სტუმრის სტატუსით სხდომაზე მიწვეული არიან  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












