სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაიას შეფასებით, საქართველოში
ჩატარებული არჩევნები იყო გამოცდა, რომელიც ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა.
ამის შესახებ მან საქართველოდან გამგზავრებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
„ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა. სასაიმოვნო იყო როგორც ძველ, ისე ახალ მთავრობასთან შეხვედრა. გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე, აშკარაა სრული კონსენსუსი საერთაშორისო თავდაცვის პოლიტიკაში ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ასე რომ, შეხვედრებით ძალიან კმაყოფილი ვარ“-აღნიშნა მან.
აპატურაის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, კანონის დაცვით მოხდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძველი და ახალი მთავრობის, ასევე, ქართველი ხალხის წარმატებაა.
„რა თქმა უნდა, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის. ველოდებით დისკუსიების დაწყებას ახალ მთავრობასთან. გენერალურმა მდივანმა პრემიერი ივანიშვილი ბრიუსელში დაპატიჟა და იმედი მაქვს, რომ ის მალე ჩამოვა“-განაცხადა ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
აპატურაი თბილისში გუშინ დილით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან გიგა ბოკერიასთან გამართა. ის ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს შეხვდა.

















