ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდთი დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შმიდთი მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. ის თბილისში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ჩამოვიდა.
გუშინ დელეგაციამ შეხვედრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებთან გამართა. ისინი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიასაც შეხვდნენ.
როგორც შმიდთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება.
„თავს მოვიაზრებთ საქართველოს ახლო მეგობრად და ჩვენი მომავალი ერთადაა. ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ ხალხთან და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან“ - განაცხადა მან.
ჰელგა შმიდთი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება, ასევე, ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნა უმნიშვნელოვანესია.

















