ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო დარეგულირებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ეს რეგიონში უსაფრთხოების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, იგი ყოველთვის მიესალმება პოლიტიკოსების მხრიდან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე საუბარს და საგარეო მოქმედებების ერთ-ერთ პრიორიტეტად ურთიერთობების დარეგულირების განსაზღვრას.
„ვაჭრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მივესალმებით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ამ კუთხით დარეგულირებას“ - განაცხადა ფულემ და აღნიშნა, რომ ის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო მოლაპარაკებების წარმართვასა და საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებს შორის.

















